среда, 24 декабря 2008 г.

ხარფუხი (სეიდაბადი)

თეიმურაზ ბაგრატიონი თბილისის აღწერისას ამბობს, რომ ტფილისი უწინარეს ვახტანგ გორგასლანისა იყო მცირეს სოფლებად დაყოფილი: ე.ი. - ... სოფელი აბანოების ხევს გაღმა ყოფილა, სეიდაბადის ბაღები რომ არის იქ, ტფილს წყლებს ახლო. და იმ სოფელს ტფილისი რქმევია. და იქაც მცირედნი ქართველები მდგარან". ვახუშტი და თეიმურაზ ბაგრატიონები ძველი თბილისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - ტფილისის მეორე გვიან გაჩენილ, სახელად სეიდაბადს ასახელებენ.


XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი განიცდიდნენ დამანგრეველ შემოსევებს, რის გამო ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ძველი შემადგენელი უბანი - "ტფილისი" ანდა გაუკაცრიელებულა და XVII საუკუნიდან იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული.
მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I -ის მემკვიდრეს შაჰ-სეფის ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი სეიდები. ამიტომ უბანმა თავისი სახელი დაკარგა და სეიდაბადის უბანი "სეიდაბადი" დაერქვა.
XIX საუკუნეში ხარფუხ-სეიდაბადს, როგორც სოფელს დიდხანს აღარ უარსებია.

მასალა მოიძია: ნიკა ნამგალაძემ

სიტყვა ხარფუხის წარმომავლობა: სეიდაბადის გვიანი სახელია ხარფუხი.
ეს სიტყვა სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს . თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შეაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას.

გ. ჩილინდრიშვილი